აკაკი ალადაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები, რაც მათ მხოლოდ პოლიტიკურად არ აწყობთ
„ფიზიკურად ვერ დაასახელებენ, რადგან ძალიან კარგად იციან თვითონ, რომ თვითნებურად დაკავებულებში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელის მიმართ, შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიციელებზე თავდასხმა და დაზიანება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე.
კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა „ქრონიკის“ შეკითხვა, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი თვითნებურად დაკავებულებში და რატომ არ აძლევს სიას, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებულთა უმეტესობამ ჩადენილი აღიარა და მოინანია.
ალადაშვილის თქმით, რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები.
„რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები, რაც მათ მხოლოდ პოლიტიკურად არ აწყობთ“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.