2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, განაგრძობდა მუშაობას, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენის მიმართულებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აქტიურ მუშაობას განაგრძობდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის გასანეიტრალებლად. ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის მსგავსად, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მიერ, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდგომ, საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობებს.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებდა, რათა პრევენცია მოეხდინა ან/და აღეკვეთა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები.