Loading data...
ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო.

მინისტერიალის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: დაბალი შობადობა, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია, შრომითი ბაზრის ცვლილებები, სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას დაეთმო.

საერთაშორისო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ჰრისტიან მიცკოსკიმ გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.

მინისტერიალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში ზაზა ლომინაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფატმირ ლიმანის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე ისაუბრეს, რომლებიც მიზნად სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს.

ზაზა ლომინაძე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს პიო სმიტს შეხვდა. საუბრისას დემოგრაფიული ცვლილებები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალური საკითხების დირექტორთან მარკ პირსონსთან, სადაც შრომის ბაზრის გამოწვევებსა და დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ზურაბ ხამაშურიძე.