ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორ რეგინა დე დომინიცისთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იუნისეფს შორის ურთიერთობის საკითხები, რომელიც, პირველ რიგში, ბავშვთა უფლებებს ეხება.
აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამ თანამშრომლობის ახალი პროგრამის შემუშავება ხდება და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა დიდია.
შეხვედრაზე ასევე გააანალიზეს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მიღწევები და გამოწვევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, განსაკუთრებით, რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და იუნისეფს შორის ჯერ კიდევ 2001 და 2024 წლებში გაფორმდა ორი მემორანდუმი. ასევე, შემუშავდა სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმა, რომელიც 2025 წელს მთავრდება და უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა 2026-2030 წლების სტრატეგიულ გეგმაზე. სტუმარს გავაცანით ჩვენი ხედვა არსებული გამოწვევების მოგვარების პროცესში იუნისეფის როლზე. აღსანიშნავია, რომ იუნისეფის წარმომადგენელმა მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისთვის და იმ შედეგებისათვის, რაც ბოლო 12-13 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ მივაღწიეთ განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ის ფაქტი, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამის ძალისხმევით, სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა და 42%-დან 16%-ზეა ჩამოყვანილი.
„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის გატარება რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, რა შესაძლებლობები შექმნა ამ მიმართულებით სახელმწიფომ, როგორი გეგმები გვაქვს და ამის თაობაზე სტუმარს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.