Loading data...
უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ერთიანი სამეცნიერო ბაზის შექმნის საკითხზე იმსჯელეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში არსებული უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ერთიანი სამეცნიერო ბაზის შექმნის საკითხი განიხილეს.

უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ერთიანი სამეცნიერო ბაზის შექმნა საქართველოს სამეცნიერო სივრცის ევროპის სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ ჩვენ ამ ბაზას შევქმნით, ქვეყანაში არსებული მთელი სამეცნიერო რესურსის ერთ საინფორმაციო პორტალზე განთავსება შეგვეძლება და ნებისმიერ მკვლევარს საშუალება ექნება, სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომებს გაეცნოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ბაზა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) იქნება ინტეგრირებული და მსოფლიოს სამეცნიერო ბაზის (WoS) ქოლგის ქვეშ იფუნქციონირებს. ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი უნივერსიტეტებისთვის, მკვლევრებისთვის, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისთვის და წაადგება მეცნიერების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

სხდომაზე ასევე განიხილეს პროექტის - „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ შედეგები.

პროექტს კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიორგი სოსიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და ლაბორატორიებში მათი დასაქმების ხელშეწყობა. დღეს, ჩვენ ამ პროექტში ჩართული ორი სასწავლებლის, ილიას და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების შედეგები მოვისმინეთ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

შეხვედრას უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.