Loading data...
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ანრი ოხანაშვილს მოუსმინა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ანრი ოხანაშვილს მოუსმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილმა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებობს.

ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, „ჰიბრიდული ომის“ საფრთხეებზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე და მის წინააღმდეგ გატარებულ ოპერატიულ საქმიანობაზე. ასევე ისაუბრა სამსახურის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს - კონტრდაზვერვით, ოპერატიულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობას, ჰიბრიდული საფრთხეების, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და მათთან დაკავშირებულ საქმეებს. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. შესაბამისად, ჩვენ ყველა სათანადო ფორმატში უზრუნველვყოფთ პარლამენტთან ურთიერთობას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირეს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.