Loading data...
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომელიც სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონის მოძველებული ნორმები ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ამიტომ ხდება კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგება.

წარმოდგენილი ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება ერთ წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.

ცვლილების თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ემატება ისეთი ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, გავრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ატაშეებზე, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცერზე, ევროჯასთში მეკავშირე პროკურორსა და მის დამხმარეზე.

პროექტის თანახმად, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათ აპარატებში დასაქმებული პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

სხდომაზე კომიტეტის წევრები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს გაეცნენ, რომელზეც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„მიმდინარე წელს ჩვენ კვლავ გვაქვს შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. წლის პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობამ შეადგინა 5 618.6 მლნ აშშ დოლარი და პირველი კვარტლის მონაცემებით, 16.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულებამ შეადგინა 6 541 162.8 ათასი ლარი, შესაბამისად, შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი არის 102.1%.

მისი ინფორმაციით, პრივატიზაციიდან მიღებული თანხების და ვალების დაბრუნების კუთხითაც საანგარიშო პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებითაა შესრულებული.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ათვისებულია 526 მლნ ლარი, რაც კვარტლის გეგმასთან მიმართებით 88%-ია.