Loading data...
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება 210 მლნ. ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა და დაგეგმილი 5.2%-ის ნაცვლად, წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9%-ს შეადგენს. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებელს, თავდაპირველად 86 მლრდ. ლარამდე იყო დაგეგმილი, თუმცა განახლებული პროგნოზით, მისი მოცულობა 90.9 მლრდ. ლარამდე იზრდება.

გიორგი კაკაურიძემ ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 218 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 25.616 მლნ. ლარი იქნება, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 1 207 მლნ. ლარით გაიზრდება. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა კი 29 700 მლნ. ლარზე მეტი იქნება, რაც სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას სრულად დააფინანსებს.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიც გააცნო და სახელმწიფო უწყებების დაფინანსებების და მათ მიერ ათვისებული თანხების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ქვეყანაში ისეთი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, რაზეც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა. მისივე თქმით, თითოეულ სახელმწიფო უწყებას საბიუჯეტო დაფინანსების ათვისების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს და 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს.