Loading data...
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ სისტემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს მოუსმინა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე და რეზერვის გაძლიერების საკითხებზე მოხსენებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარდგა.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ახალი „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესი და სამსახურის პირობები.

მისივე თქმით, რეფორმის პირველ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა.

„მიმდინარე რეფორმის შედეგად, 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს გადიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მათი შერჩევა ამ სამსახურისთვის სპეციალურად აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა ხელი შეუწყო ზოგიერთი პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მავნე პრაქტიკის შეცვლას.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამობილიზაციო რეზერვის სისტემაა, რომელიც მაღალი მზადყოფნის და ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისგან შედგება.

„მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტება/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე, თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით იქმნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში დასახული მიზნების შესასრულებლად, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის სახეები და პერიოდი შეიცვალა. კერძოდ, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა არა 12 თვე, არამედ 6, 8 ან 11 თვეა. ასევე, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, წახალისდა სამსახურის ნებაყოფლობითი გავლა და არსებითად გაუმჯობესდა სამსახურის პირობები.

„განხორციელებულმა ცვლილებებმა მოსალოდნელზე დიდი აქტიურობა გამოიწვია წვევამდელებში. ამის დასტურია ის, რომ ამ ეტაპზე, 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული მოქალაქეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისი თქმით, 2025 წლის გაწვევის დაწყებიდან 8 თვის შემდეგაც, ყოველდღიურ რეჟიმში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველების მზარდი დინამიკა ნარჩუნდება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა - არსებული მონაცემებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის 2025 წლის გაწვევის გეგმა სრულად, 100%-ით შესრულდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.