თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აქარს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს თავდაცვის ძალებს წლების განმავლობაში მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ, რისთვისაც ალექსანდრე ტაბატაძემ მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა.
თურქ კოლეგებთან შეხვედრისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები აქტიურად გაგრძელდეს.
საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.