Loading data...
სპორტის კომიტეტთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ შემაჯამებელი სხდომა გამართა

სპორტის კომიტეტთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ ბოლო შემაჯამებელი სხდომა გამართა, სადაც საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საბჭოს საქმიანობის ანგარიში საკონსულტაციო საბჭოს წევრმა მაია აზარაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, საბჭოს შექმნის დღიდან, მისი წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კომიტეტის საქმიანობაში და მნიშვნელოვან კონსულტაციებს უწევდნენ საკანონმდებლო პროცესში.

„საკონსულტაციო საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელიც სპორტის კომიტეტის სახელით დარეგისტრირდა. მათ შორის აღსანიშნავია სპორტსმენების სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხი, რომელზეც მუშაობა კვლავ გრძელდება. ასევე, სამართლიანი თამაშების პრინციპებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გატარებული ღონისძიებები და სხვა“, - განაცხადა მაია აზარაშვილმა.

სპორტის კომიტეტის 2022 წლის 8 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი საკონსულტაციო საბჭო სპორტის, განათლების და კულტურის სფეროში მოღვაწე წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა და კომიტეტის სახელით სიგელები გადასცა. კომიტეტისგან მადლობის სიგელი, სპორტში შეტანილი წვლილისთვის, ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძესაც გადაეცა.