Loading data...
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალიწინებს, ხოლო მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრდება იმ სამართალდარღვევებისათვის, რომელთათვისაც გათვალისწინებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ფუნქციის შესრულებას.

პროექტის თანახმად:

• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);

• ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);

• მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);

• ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, რუსთავში, გორში,  თელავში, ფოთში, ზუგდიდში ან/და საქართველოს კურორტებზე - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომლის თანახმადაც რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50 ლარის ოდენობით).

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:

• სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა - გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

• გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, არსებული სანქციები არ და ვერ უზრუნველყოფს იმ პრევენციულ ეფექტს, რაც უნდა ჰქონდეს თითოეული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ნებისმიერ სანქციას.

„2024 წელს გზებზე 7587 დაშავების მაჩვენებელი დაფიქსირდა და ავარიების შედეგად 444 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული და 345 ადამიანი გარდაცვლილი.

თუ გადავხედავთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მხოლოდ გარდაცვალების მაჩვენებელი 41 ერთეულით არის გაზრდილი. ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 637-ია. ასევე 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ავარიებს ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ სწორედ ის ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზებზე საგზაო შემთხვევების პრევენციას და სწორედ იმ სანქციებზე ვფოკუსირდით, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ავარიებსა და ადამიანების გარდაცვალებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.