შოთა ბერეკაშვილმა სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სემეკის დაარსების დღეს მიეძღვნა.
როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტია.
„მისი საქმიანობა პირდაპირ განსაზღვრავს ენერგეტიკული სისტემის გამართულობას, ბაზრის გამჭვირვალობას და მომხმარებლის დაცულობას. სწორედ სემეკის პროფესიული მუშაობა უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქემ მიიღოს უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიან ფასად მიწოდებული სერვისები, ხოლო კომპანიებმა იმოქმედონ პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოში. დღეს საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 4,591 მეგავატს, მათ შორის ექსპლუატაციაში 2024 წელს შევიდა ახალი 47.5 მეგავატის სიმძლავრე, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მკაფიო მაგალითია და ხაზს უსვამს საინვესტიციო დინამიკას სექტორში. მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში 2024 წელს 491 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ბუნებრივი გაზის მიმართულებით - 212 მილიონი ლარის, ხოლო წყალმომარაგებაში - 623 მილიონი ლარის, რაც მიანიშნებს სექტორის სიჯანსაღესა და კერძო თუ სახელმწიფო კომპანიების მზარდ ნდობაზე.
სემეკი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მომხმარებლის უფლებების დაცვას. მხოლოდ გასულ ორ წელიწადში მოქალაქეებს უკან დაუბრუნდათ ან ჩამოეწერათ 6.4 მილიონი ლარის უსაფუძვლო დავალიანება, ხოლო მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებს გადაუხადეს 3.7 მილიონი ლარის კომპენსაცია.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი რეგულირების პრიორიტეტები უფრო მეტად იყოს მიმართული ქსელის მოდერნიზაციასა და სისტემის განახლების დაჩქარებაზე. ეს პროცესი უზრუნველყოფს ენერგოსისტემის უფრო გამართულ მუშაობას, დანაკარგების შემცირებას და დამატებითი შესაძლებლობების შექმნას სექტორის განვითარებისთვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემის პროდუქტიულობას და გააძლიერებს მონაცემებზე დაფუძნებული მართვის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
კონფერენციაზე, რომლის თემა იყო „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებულ პროექტებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სხვადასხვა უწყების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულაციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.