Loading data...
შოთა ბერეკაშვილმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან ერთად ვენაში, ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მდგრადი, უსაფრთხო და ინტეგრირებული ევროპული ენერგეტიკული სივრცის ჩამოყალიბებაში.

„ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული სექტორია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი განახორციელა როგორც ენერგომიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში, ისე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემისთვის მყარი საფუძვლის ჩამოყალიბებაში. საქართველო აქტიურად აგრძელებს ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობისა და საბაზრო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. მათ შორის, ხაზგასასმელია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების (unbundling) ვალდებულების შესრულება ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად. უფრო ღრმა თანამშრომლობა და ინტეგრაციის გაგრძელება სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ფართო შესაძლებლობას შეუქმნის, გავხდეთ საიმედო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფანი და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორი ენერგეტიკულ ვაჭრობაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო, დივერსიფიცირებული და თანამედროვე სტანდარტების ენერგეტიკული სისტემა, რომელიც საქართველოს საიმედო პარტნიორისა და დამაკავშირებელი ქვეყნის პოზიციას განამტკიცებს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

საპარლამენტო პლენუმში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეები.