შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, მარიამ ლაშხმა და ზაზა ლომინაძემ მიმართეს.
რატი იონათამიშვილმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისებისა და პროგრამების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება დაფინანსება, რომელიც მიზნად სერვისების გაუმჯობესებასა და ამ კუთხით, ახალი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესში აქვს საქართველოს.
სხდომაზე, დისკუსიისას ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკოორდინაციო კომიტეტი და საკონსულტაციო საბჭო განაგრძობენ მუშაობას.