შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსია გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა /ხელისუფლების როლი“ იყო.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება, არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების მეტი შესაძლებლობა.
„ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი მაღალი რანგის დისკუსია შედგა ხელისუფლებას, ბიზნესს, აკადემიურ და ანალიტიკურ სექტორს შორის.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც დისკუსიის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების ხედვაზე ეკონომიკასთან, ბიზნესთან მიმართებაში. ღონისძიების მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მზაობა ბიზნესთან დიალოგისათვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი.
„ვციტირებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესი - ამ მხრივ, თანხვედრაშია ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესი. ჩვენ გაქვს ძალიან კარგი და კონსტრუქციული თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
ქვეყნის განვითარებასა და უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
„ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად იყოს არამხოლოდ ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე და გამოწვევებზე, არამედ სწავლების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული დამსაქმებელი. არამხოლოდ, სასწავლო პროგრამები, არამედ მიდგომები სწავლების მეთოდის კუთხითაც ითვალისწინებდეს ბიზნესის მოლოდინს“, - განმარტა გიორგი ხუბუამ.
დისკუსიაში, ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიაში ჩართული იყო ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.