Loading data...
შალვა პაპუაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის მონაწილეებს - ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი

„ორ წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებისათვის ვიდეომიმართვისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა და შეახსენა მათ, რომ მშვიდობა ძვირფასი და განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე.

„ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ევროპა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნავსაყუდელი იყო, ახლა მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ცხელი წერტილია.

ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, ჩვენს ბევრ პარტნიორს უბიძგა, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია. ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ, კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს.

კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტილებები, ასევე, უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის.

ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა ამ სასტიკი ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ.

ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს სამართლიან მშვიდობას ვუსურვებ და იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.