შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მტკიცე მეგობრობას, საერთო ღირებულებებს, მომავლის საერთო ხედვას.
აღინიშნა, რომ ძლიერია კავშირები პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს შორის.
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი ნაყოფიერი ვიზიტი უნგრეთში და განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება წარმატებით ხორციელდება, რაზეც მეტყველებს ყველა დონეზე ხშირი გაცვლები და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების აქტიური გაზიარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, აგრეთვე, ამა წლის აპრილში უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. იშტვან იაკაბმა ხაზი გაუსვა ევროპაში პატრიოტული ძალებისადმი მზარდ მხარდაჭერას და ისაუბრა უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე.
იშტვან იაკაბმა დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი მეზურნიშვილმა.