შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს ვიზიტი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია საქართველოში და მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რასაც უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც მოწმობს.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, კერძოდ, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, ახალგაზრდა პარლამენტარებს, ქალ პარლამენტარებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის კავშირების გაძლიერებას.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მზად არის, ითანამშრომლოს თურქმენეთთან დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
დუნიაგოზელ გულმანოვამ აღნიშნა, რომ თურქმენეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან, აგრეთვე, ქართული მხარისადმი მადლიერება გამოხატა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის.