შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.
თურქეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობა გამოხატა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმდინარე და მომავალი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო ვითარება.
საუბარი შეეხო საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირის ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებს.
მხარეები მჭიდრო ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა თურქერ არის წარმატება უსურვა მის საპასუხისმგებლო დიპლომატიურ მისიაში.