შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს და გაეროს ინსტიტუტების: გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაეროსა და მის ინსტიტუტებთან.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის ახალ ციკლს, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება და დიდიე ტღებიუკის თქმით, საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
დიდიე ტღებიუკი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებით, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო საქმიანობით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.