Loading data...
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა გაიხსენეს 2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა ქ. სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრა შედგა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.