Loading data...
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის - შტატების საბჭოს(რაჯია საბჰა) თავმჯდომარეს, შრი რადჰაკრიშნანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობას.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები, ასევე, თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, კულტურის სექტორებში.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილის ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.