Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ე.წ. MEGOBARI აქტთან დაკავშირებით პარლამენტის განცხადება მოვამზადეთ, რომელშიც ჩვენი შეფასებებია მოცემული

„დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის განცხადება, წერილი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც შეეხება ე.წ. „მეგობარ აქტს“, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, განცხადება ინიციირებულია პარლამენტის ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მიერ ერთობლივად.

„განცხადება სრულიად პარლამენტის სახელითაა ინიციირებული და ის გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მომხსენებელი მე ვიქნები. განხილვები შედგება როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც თავად შეუცვალეს სახელი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავის არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც სინამდვილეში საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ყველას ვაჩვენოთ როგორია რეალობა არგუმენტებსა და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით, ასევე გავაკეთოთ შეფასება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.