Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია ჭავჭავაძე

„187 წლის წინ, საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში, ათასობით წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიულ-ტექნოლოგიების ცვლილებების დროში და სადაა ის „სხვა ვარსკვლავი“, რომელსაც უნდა მივდიოთ. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს, ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინმავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება მოხდა საქართველოში ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არჩევნები.

„ქართველმა ერმა ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში. საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს გამტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“, ჩვენს გამო სხვა თავს არ მოიკლავს, ჩვენს გამო არავინ გასწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა, ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია, როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე. როგორც ყველა დროში,ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხრელი საქმიანობის, ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანების, რომლებიც მზად არიან ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა, ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. წარსულში ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში, ილიას. ტყვიები დღესაც ზუზუნებენ ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი. სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი, ჩვენი თაობის შესაძლებლობაა, რომ დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს.

ილიას საქართველო ვართ აქ! დღევანდელი დღე, ჩვენი აწყო არის მისი კვალი. ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი, ყველას ხელით ერთად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით ყვარელში ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურთან ერთად დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს.

ღონისძიებას, ასევე დაესწრნენ: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები.