Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ვალია, ვასწავლოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, გაიაზრონ და დააფასონ ისეთი ფუნდამენტური თემა, როგორიც მშვიდობაა - ყოველი დღე, ყოველი წელი თუ ათწლეული დასაფასებელია, როდესაც სახელმწიფოში სუფევს მშვიდობა

„მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო წარმომეთქვა სიტყვა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომლის თემატიკაც განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ დროში უაღრესად აქტუალურია. „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ - ეს საკითხი არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ჩვენი ყველასი, ნებისმიერი ასაკის მოქალაქის ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ჩვენი ვალია ვასწავლოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, იფიქრონ, იმსჯელონ, გაიაზრონ და დააფასონ ისეთი ფუნდამენტური თემა, როგორიც მშვიდობაა. იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავად იღვაწოთ და ძალისხმევა გაიღოთ მშვიდობისათვის, თავად უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს მშვიდობა, უნდა იაზრებდეთ მის მნიშვნელობას იმდენად, რომ თქვენი თანატოლებისათვის თუ ოპონენტებისთვის კარგად შეძლოთ მისი ახსნა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მშვიდობა, ეს არ არის უბრალოდ - არა ომი. მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ არ გვესმის სროლის ხმა, არ ცვივა ბომბები ან არ იხოცება ხალხი.

„მშვიდობა ბევრად ღრმა ცნებაა, რომელიც ნიშნავს საზოგადოების ფუნდამენტურ თანხმობასა და ტრადიციებზე, კანონებსა და სამართლიანობაზე აგებულ წესრიგს. მშვიდობა გვაქვს მაშინ, როცა აღწერილი მექანიზმი მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, სამეზობლოსა და რეგიონში.

კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა დღე, როდესაც დედამიწის რომელიმე წერტილში არ ყოფილიყოს ომი, დაპირისპირება, შუღლი და მტრობა. სამწუხაროდ, სადღაც ყოველთვის იღვრება სისხლი. სამწუხაროდ, ამ დაღვრილ სისხლს ყოველთვის ჰყავს ბენეფიციარები, დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ სხვის ომზე, ან ყიდიან იარაღს, ან მათთვის ეს პროქსი ომია და ამით საკუთარ უსაფრთხოებას იცავენ. სწორედ ამიტომ, სამწუხაროდ, ომი კაცობრიობის ისტორიაში ბევრად ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე მშვიდობა. ადამიანები ბევრად მარტივად ახერხებენ დაპირისპირებასა და ჩხუბს, ვიდრე თანხმობით და ერთობით ცხოვრებას.
სწორედ ამიტომ, მშვიდობა არის არა თავისთავადი მდგომარეობა, ან საბაზისო მოცემულობა, არამედ განსაკუთრებული და სპეციალური ძალისხმევის შედეგი. ყოველი დღე, ყოველი წელი თუ ათწლეული არის დასაფასებელი, როდესაც სახელმწიფოში სუფევს მშვიდობა და ეს მშვიდობა უზრუნველყოფს კეთილდღეობას.
ხანგრძლივ მშვიდობას თან ახლავს ერთგვარი „საფრთხეც“.

იზრდებით თქვენ, იზრდებიან თაობები, რომელთაც არ უნახავთ ომი. ომის ნახვა ნიშნავს არა მხოლოდ რეალურ დროში შემზარავი სურათების ხილვას, არამედ იმ წინააღმდეგობის მიზეზებისა და ფაქტორების ცოდნასაც, რამაც განაპირობა ესა თუ ის უბედურება. მშვიდობიანად გაზრდილი თაობები ფიქრობენ, რომ მშვიდობა თავისთავად ნაგულისხმევი, ბუნებრივი მდგომარეობაა და თანდათანობით იკარგება სამშვიდობო ძალისხმევის მართვის ცოდნა და უნარი.

როგორც ცნობილ გამოთქმაშია: „მძიმე დროება შობს ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები უზრუნველყოფენ კარგ დროებას, კარგ დროებაში კი იზრდებიან შედარებით სუსტი ადამიანები“. ეს არის რისკი. ამ რისკის დაძლევა კი პირველ რიგში იმ თაობის ვალია, რომელმაც მძიმე დრო გამოვიარეთ, გამოცდილება დავაგროვეთ, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და მისია კი დროებამ გვარგუნა. ჩვენი ვალია, ავუხსნათ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს ის დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, რაც გადმოგვეცა და რაც თავად მივიღეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონცეფციაა.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ჩვენი ქვეყნის ნაწილები ოკუპირებულია. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიები არ გვაქვს დასაბრუნებელი, არამედ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ. მათთან შერიგების პროცესის წარსამართად ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს მხოლოდ მშვიდობა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. თქვენი, ახალგაზრდების როლი კი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია, რადგანაც თქვენია მომავალი და თქვენია საქართველო.

სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ახალგაზრდობის ჩართულობისთვის და გაწეული ძალისხმევისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობის თემატიკა, ახალგაზრდების ჩართულობის საკითხთან ერთად კიდევ არაერთი განხილვისა თუ აქტივობის საგანი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.