შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო
„მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი თვის წინ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება თუ ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.
„ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლაგადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ. მე ვახსენე ბრძოლა და პირველ რიგში მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას.
„გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ქვეყანაში ისევ არსებობენ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულების მქონე ჯგუფები. ქვეყანაში კვლავინდებურად არსებობენ პოლიტიკური რევანშისა და წარსულში დაბრუნების მოსურნე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია სასჯელმისჯილი ყოფილი პრეზიდენტი მის დესტრუქციულ მიმდევრებთან ერთად. მათ მორიგ ჯერზე იწვნიეს ამჯერად მართლაც საბოლოო მარცხი. რევანში საქართველოში ვერ შედგა და ვერც ვეღარასდროს შედგება, ვერც ხალხისა და ისტორიის მიერ გასამართლებული ფიგურების და ვერც მათ ფრთებქვეშ გამოზრდილი ფერნაცვალი სუბიექტების მიერ. რაც მთავარია, საქართველოში, ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში. ამ არჩევნებზე ჩვენ დავუპირისპირდით სწორედ ასეთ, გარედან მართულ, კოორდინირებულ და ერთიან ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ეს იყო და არის ბრძოლა დავითისა და გოლიათისა, სადაც გაიმარჯვა სიმართლემ, გონიერებამ და სამშობლოს სიყვარულმა. რადგანაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მხარეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა.
„ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს. რაც უფრო დიდია ქვეყანა, რაც მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, მით უფრო ქმედითი და ძლიერია მისი გავლენა. თუმცა, ისტორიულადაც და თანამედროვეობაშიც ყველაზე ეფექტურ ძალად შინაური მტერი გამოიყენება. ციხე შიგნიდან ტყდება. სწორედ ამიტომ, გავლენის მოსაპოვებლად, უცხო ძალა სწორედ შიდა დასაყრდენს ეძებს. თანამედროვე სამყაროში გავლენის როგორც არეალი, ასევე ინსტრუმენტები მრავალფეროვანი და დახვეწილია. თანამედროვე ცოდნის ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ, რომ სხვისი გავლენის მატარებელმა პირებმა ხანდახან თავადაც არ უწყიან სინამდვილეში რას და ვის ემსახურებიან. ამაში თავის როლს თამაშობს ყალბად და სტერეოტიპების სახით ჩანერგილი ღირებულებები. ფეტიშად ქცეული და შინაარსისგან დაცლილი ფასეულობები ადამიანს დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებისკენ ისე უბიძგებს, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერაფერს ხედავს. ასეთ ადამიანებს უჭირთ სახელმწიფოს ინტერესის, მისი რაობის, პოლიტიკისა და შორსმიმავალი გეგმების დანახვა. გავლენის ამგვარ გამტარებლებთან ერთად არსებობენ უცხო ინტერესების სრულიად ნათლად და გააზრებულად მსახურნიც. მათი სამშობლო სხვაგანაა, მათი იდენტობა უცხო და სტერილურია. მათი ჭკუა მოკლეა და ბუნება კი ვიწრო. ისინი გარე ძალებისთვის ყველაზე მყარი დასაყრდენია. ზოგიერთი ქართველის მოკლე თვალსაწიერი, აზროვნების სიმწირე და ჭარბი ემოციურობა ის მდგენელებია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სწორი მიზნების რეალიზების გზაზე ძვირად რომ დაგვჯდომია. ბედისწერა იმგვარად დაგვყვა, რომ ქართველს თითოეული საფეხურის გავლაში ხშირად ძვირის გადახდა უწევს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ხშირად საკუთარ მაგალითზეც ვერ სწავლობს ჭკუას. არადა, სწორედ ჭკუა და გონიერებაა ის გამორჩეული ნიჭთაგანი, რასაც ჩვენი წინაპარი აფასებდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი უახლოესი წინაპრის დანატოვარია ნატვრა და ოცნება, რომელიც ერთ ფრაზაში გამოითქვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ილია ჭავჭავაძის ეს ამოძახილი მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე ექოდ ჩაგვესმის.
„ამ მაქსიმის ხორცშესხმა ყველა დროსა და ჟამში თავის ფორმას და შინაარსს იძენს. იძენს იმის-და მიხედვით, რომელ დროს, რომელ მმართველს და რომელ თაობას როგორ ესმის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. სწორედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე შედეგიანად სიარულია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ნაცვლად ჩვენი წინაპრების დანატოვარზე ფიქრისა და მათი გამოცდილების გააზრებისა, დღეს ჩვენი თანამედროვეებისგან დაუფიქრებლად წამოსროლილ „სიბრძნეთა“ პირისპირ ვდგავართ. „თუ უცხოეთი გეტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე“ - რადიკალურ ოპოზიციაში ამის მთქმელი და ამგვარად მოაზროვნე არაერთი ადამიანია. უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ, ყველაფერს უცხოს კი ვნებით შესტრფიან. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არც უფიქრიათ და არც ესმით თუ რა არის მათი ეროვნული ინტერესი და რა არის სხვისი. მათთვის სამყარო არ იყოფა ჩვენებად და უცხოებად, საკუთრად და სხვისად. ნაცვლად ამისა თანამედროვე პოლიტიკას ინფანტილურად კარგებისა და ცუდების კატეგორიებით ზომავენ. სწორედ ამიტომაა ჩვენი მთავარი მტერი პირველ რიგში უმწიფრობა და და ინფანტილიზმი, რისი შედეგებიც საკუთარ თავზე არაერთხელ გვიწვნევია. საბედნიეროდ, საქართველოში დადგა დრო მეტი ფიქრის, განსჯის, წინდახედულობის, მეტი გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის, სიბრძნისა და გამჭრიახობის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 35 წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის პროცესი დაიწყო.
„მომაკვდავი იმპერიისგან განთავისუფლების გზა თხუთმეტივე რესპუბლიკისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. ზოგი პირველი ჟამის მუშაკი აღმოჩნდა, ზოგი კი მეთერთმეტის. ამ ურთულეს კატაკლიზმს ზოგი უვნებლად დაუძვრა, ზოგი ნანგრევებმა მოიყოლა, ზოგმა კი ზომაზე მეტი ფასი გადაიხადა. საქართველოს თავისუფლების მოპოვების გზა ძვირად დაუჯდა. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენს მონაპოვარს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება. წელს ჩვენ ვიზეიმეთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობის 33 წლისთავი. ამ ისტორიულ დღეს, რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თავისი უზენაესი ნება განაცხადა, ყოფილიყო დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი. რეფერენდუმიდან ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტი და შევუდექით დამოუკიდებლობის განხორციელების რთულ და ეკლიან გზას. გოლგოთისკენ მიმავალ ამ გზაზე არაერთხელ შევფერხდით, ჩავიმუხლეთ, სიმწარე ვიწვნიეთ, თუმცა ავად თუ კარგად დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც დე ფაქტო რეფერენდუმის სახით შედგა. ქართველი ხალხი დადგა ცალსახა არჩევანის წინაშე, როგორი მომავლისთვის დაეჭირა მხარი. აერჩია თავქარიანობა თუ აერჩია გონიერება, აერჩია ინფანტილიზმი თუ აერჩია სიმწიფე, აერჩია უცხო იდენტობა თუ აერჩია ტრადიციული ფასეულობები, აერჩია ქვეშევრდომობა თუ აერჩია დამოუკიდებლობა. ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და აირჩია „ქართული ოცნება“. ხალხმა მოგვანიჭა თავისი უზენაესი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მე ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, აღჭურვილი სიმართლით და საკუთარი მისიის სრული გაცნობიერებით, ვემსახურო სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ერთიან საქართველოს. მე ვდგავარ აქ, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. კეთილდღეობა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა. ევროპა და ბუნებრივია საქართველოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ომის მომსწრე გახდა.
„მიმდინარე ომს გააჩნია ცხელი წერტილები, ფრონტის ხაზი და ცეცხლის არეალი და გააჩნია ამ ომის ზემოქმედების არეალი. საქართველო ამ არეალის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა. ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი და მტკიცე პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანამ შეინარჩუნა საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორი, გააგრძელა ევროინტეგრაციის პროცესი და ამის შედეგად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ამის შედეგად არ აღმოვჩნდით ამ ომის მონაწილე. ქვეყანამ უარი თქვა ორმხრივ სანქციებზე და ამის შედეგად შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარების დინამიკა. მმართველი გუნდი მტკიცედ დაუხვდა იმ პროვოკაციებსა და ხაფანგებს, რისკენაც გვიბიძგებდა ზოგიერთი დაუძინებელი მეგობარი და სწორედ ამ გამოცდილებით, ამ შედეგებით, ამ მაგალითით წარსდგა არჩევნებზე. მრავალჭირნახულმა და უკვე გამოცდილმა ქართველმა ხალხმა, მისმა სრულმა უმრავლესობამ ეს დაინახა და თავისი ხმით ამ პოლიტიკას დემოკრატიული ბეჭედი დაასვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“, ამ არჩევნებზე, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა მძიმე ოთხწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ.
„მე მინდა მოკლედ გავიხსენო ეს პროცესი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა რევანშიზმის მორიგი მცდელობის ფონზე. რადიკალური ოპოზიციის ძირითად მაშველ რგოლად უკვე მაშინვე იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა გაყალბებულმა და დამალულმა პარალელური დათვლის შედეგებმა თუ შეფასებებმა ორმოცი დღის განმავლობაში აჯანჯღარა ქვეყანა. ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირს მორიგი რევოლუციის და არეულობის მცდელობით მოედნენ. სრულიად ხელოვნურად, შეთხზული და შეთითხნილი საბაბებით მათ მოახერხეს პოლიტიკური კრიზისის შექმნა. ამგვარ პირობებში გავედით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ახალი ხაფანგი დაგვახვედრეს. თქვენ ყველას გახსოვთ, უცხოური სპეცოპერაციის შედეგად, არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საარჩევნო ღამეს შედეგის ამოსაყირავებლად და არჩევნების ჩასაშლელად თბილისში ფარულად ჩამოვიდა. სამართალდამცავი ორგანოების სიფხიზლემ და გუნდის სიმტკიცემ მაშინ ეს სცენარიც აღკვეთა. 2022 წლის ადრეულ გაზაფხულზე კი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ვითარება სრულიად შეიცვალა. მსგავსი მოვლენა რომ მოსალოდნელი იყო, ეს თვეებით ადრეც ჩანდა და მმართველი გუნდი პროცესის ამგვარ განვითარებას მომზადებული შეხვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიჩინეთ ის სიმტკიცე და პრინციპულობა, რაც უკვე ვახსენე. მაშინ გამოჩნდა ყველაზე თვალნათლივ, რომ არსებობდა სხვაობა ჩვენს ეროვნულ ინტერესსა და სხვათა ინტერესს შორის, რომელსაც ურაპატრიოტულმა მეხუთე კოლონამ უმალ აუბა მხარი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვახსოვს ომის დაწყებისთანავე უკრაინელებზე მეტი უკრაინელები, მოხალისეთა თვითმფრინავებით გაგზავნის, იარაღის მიწოდების, სანქციების დაწესების მოწოდებები და სხვა ისეთი დესტრუქციული ქმედებები, რაც საქართველოს ომის ნაწილად აქცევდა. ქვეყნის რყევა არ დასრულებულა არც მას შემდეგ ახალ-ახალი საბაბებით. მოსახლეობის მღელვარებას ხან კანდიდატის სტატუსით ცდილობდნენ, ხან მოლაპარაკების გახსნით, ხან „გამჭვირვალობის კანონით“ და ბოლოს რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე დაიწყეს ლაპარაკი.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეფერენდუმის გამოწვევა. ჩვენ ვთქვით, რომ დღეს მსოფლიოში მთავარი გამოწვევა ომია, ხოლო განსაკუთრებული ძალისხმევის საგანი კი მშვიდობა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი განვლილი წლების მიღწევები, წარვადგინეთ მომავლის ხედვა, გეგმა და მისაღწევი მიზნები. ჩვენ გვენდნენ. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოატყუეს, გამოიყენეს, სიმართლე სიცრუედ შეასაღეს, სამართლიანი არჩევნები კი გაყალბებულად და მათ გრძნობებზე ითამაშეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ღირსეულად წარმოადგენდნენ ამ დარბაზში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი აგრძელებენ რყევას, ტყუილს და ქვეყნის მტრობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ამომრჩეველიც ჩვენი მოქალაქეებია და ჩვენ ისინი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი წმინდა ვალია, რომ დავანახოთ სიმართლე, დავანახოთ რადიკალური პარტიების ირაციონალური, სიცრუეზე აგებული სახე და ჭეშმარიტების სახელით ტყუილის მონობისგან გავათავისუფლოთ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების და არჩევანის თავისუფლება, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ პატრიოტმა და პასუხისმგებლობიანმა პარტიებმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს.
„წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას ანახა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა. მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი. მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს. ჩვენი ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა. ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ამიტომაც იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც უცხო მმართველობას გვახვევდნენ თავს, ქართველები ყოველთვის პოულობდნენ გზას, სივრცეებს, სფეროებს დამოუკიდებლობის მცირე კუნძულების შესაქმნელად. ეძებდნენ და პოულობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს სამიათასწლოვან გენეტიკურ მეხსიერებაში გვაქვს ის, რასაც ილია ჭავჭავაძემ 160 წლის წინ ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი ფორმულის სახე მისცა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი სამი მთავარი საუნჯე - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის პერიოდი გაიხსენა.
„სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა თავმჯდომარედ ამირჩია, მე დავდე პირობა, რომ, თქვენთან ერთად, ვიდგებოდი საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს განსაკუთრებით შეძლო. ახლაც, მინდა თქვენს წინაშე და თქვენთან ერთად დავდო პირობა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს იქნება ჩვენი გეგმაც და ჩვენი მიზანიც. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.