Loading data...
შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე, საკანონმდებლო ორგანოს როლსა და ქვეყნის მმართველობის სისტემაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობამ იცოდეს საკუთარი ქვეყნის მოწყობისა და განვითარების საკითხები.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და როგორ განვითარდა პარლამენტარიზმის ისტორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, რა როლი აქვს პარლამენტს და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს პარლამენტთან ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საუბარი ასევე შეეხო განათლებისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაზე, რომლის თაობაზეც საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის (მარტის) კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ნინო წილოსანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ერთმანეთის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გოგონებს გქონდეთ ყველანაირი გარემო და შესაძლებლობა, რომ თქვენი თავის რეალიზება მოახდინოთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები - გრეტა წიწავა და რიმა ბერაძე.