სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე, კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს.
დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კი, კომისიის წევრებმა ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად, კომისიის მიზანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
„კომისიის მიზანია სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ თუ რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, დროებითი კომისია სამუშაო რეჟიმში საქმიანობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება.