Loading data...
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ: შპს „ლაქტალის ჯორჯიას“, შპს „ქართული სადისტრიბუციო - მარკეტინგული კომპანიის“, შპს „დიპლომატ ჯორჯიას“, შპს „შარმ ტრეიდინგის“, შპს „მონდელიზ საქართველოს“ და შპს „ფუდსერვისის“ წარმომადგენლები.

კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფასწარმოქმნის პროცესზე მოქმედ სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, საკონსიგნაციო პერიოდზე, მარკეტინგულ ხარჯებზე, საბანკო სესხებზე, საგარეო ფაქტორებზე, ე.წ. ქეშბექზე, ასევე, მაღალი მარჟის განმაპირობებელ მიზეზებზე.

აღინიშნა, რომ თუ შემცირდება საკონსიგნაციო პერიოდი და საოპერაციო ხარჯებში ლოგისტიკის მაღალი წილი, ეს დადებით გავლენას მოახდენს ფასების შემცირებაზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მეზობელ და ევროპულ ქვეყნებში ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასებს შორის არსებული სხვაობის გამომწვევ მიზეზებზე.

როგორც პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კომისიის მიზანია ისეთი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენტული.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომით სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დასრულდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ, მათ შორის, ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. პირველი ეს არის გადახდის პერიოდი, რომელიც რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად ხანგრძლივია და მისი შემცირება არსებით შესაძლებლობას მისცემს სექტორს, რომ უფრო გაჯანსაღდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქონლის ბრუნვის მონიტორინგი გაუმჯობესდება და ციფრულ სისტემაზე გადავა იმისთვის, რომ ბაზრისთვის გასაგები იყოს როგორც პროდუქციის რეალიზაციის პროცესი, ასევე ფასების დინამიკა.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ თქვენთვის, როგორც დიდი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, მტკივნეულია კაპიტალის ღირებულება, რადგან გადახდის გადავადება იწვევს უფრო მეტი საკრედიტო კაპიტალის ან საკუთარი კაპიტალის მოზიდვის საჭიროებას იმისთვის, რომ ბიზნეს ოპერაციები დააფინანსოთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების შემოტანაზე მუშაობს, რომელიც ბაზარზე ლიკვიდურობას გაზრდის.

ერთ-ერთი მათგანი „ფაქტორინგის კანონია“, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით გავიდა. კანონის მიღების შემდეგ ბაზარზე ლიკვიდობა გაიზრდება. დღევანდელ პირობებში ლიკვიდობა ცოტა მშრალია, ეს კი იწვევს რისკების ზრდას, რაც აისახება პროდუქციის ერთეულის ფასში. ვფიქრობ, რომ ლიკვიდობის გაზრდა მნიშვნელოვან შედეგს მოგცემს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს სხვა ბარიერებიც, რომლებიც სავაჭრო ქსელებში შესვლის საკითხს უკავშირდება.

„საჭიროა ამ პროცესის უფრო გამარტივება, რომ არა მხოლოდ დიდ, არამედ საშუალო და მცირე დისტრიბუტორებსაც შეეძლოთ ბაზარზე კონკურენცია. ასევე აუცილებელია, რომ ახალი პროდუქტების შემოსვლა უფრო ეფექტიანად ხდებოდეს და კონკურენცია გაუმჯობესდეს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დროებითი კომისია შემდეგ სხდომაზე საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდება.