Loading data...
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ პარლამენტის 15 წევრის კითხვა გაიგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 12 წერილობით კითხვაზე (80%).

3 წერილობით კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რაც პარლამენტის წევრის გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 20%-ს წარმოადგენს.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემის ვადების გაგრძელების შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში გამოყენებულა.

მისივე თქმით, პასუხგაცემული 12-დან 6 შემთხვევაში კითხვაზე პასუხს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერდა.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას განაგრძობს. ასევე, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „პარლამენტის წევრი უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა“.