საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს შეეხება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
საკანონმდებლო ცვლილებით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს, რომელსაც საქსტატი გამოაცხადებს.
კანონპროექტით, იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1-ელი მაისისა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებაა გათვალისწინებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, რომლის თანახმად, პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნას.