Loading data...
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სხდომაზე, კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტი წარადგინა.

„პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობა, რომლებიც კონსტიტუციურ სარჩელს შეეხება. შემოწმების შედეგად, პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დადგინდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება აქვს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.