Loading data...
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელებას ეხება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) წარდგენილი იყო 54 246 ხელმოწერა, საიდანაც 23 333 ხელმოწერა ბათილად იქნა ცნობილი.

მისივე თქმით, ვინაიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობამ 30 919 შეადგინა, რაც საჭირო რაოდენობას - 25 000-ს აღემატება, კომიტეტი დადებით დასკვნას, წარდგენილ კანონპროექტთან ერთად, პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის.

კომიტეტმა სხდომაზე, ასევე, განიხილა საქართველოს მოქალაქის, გიორგი ანდრიაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ანდრიაძის მიერ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს უარი ეთქვა ლობისტად რეგისტრაციაზე.