Loading data...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა პარლამენტის 81 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს.

კომიტეტის წევრებმა შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს.