Loading data...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი წარადგინა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი წარადგინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რეგლამენტის მოქმედი რედაქცია საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს მიიღო, რომელშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა. მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტი გაუმჯობესებას მოითხოვს, რის გამოც რეგლამენტის ახალი პროექტი შემუშავდა.

„ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ის არის, რომ რეგლამენტის დახვეწა ხდება. ერთად დაჯგუფდა ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია კანონშემოქმედების, ზედამხედველობის და სხვა საქმიანობისთვის. აგრეთვე, გამოირიცხება გარკვეული დუბლირებები, რომლებიც მოქმედ რეგლამენტში არსებობდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, ახალი რეგლამენტის პროექტი X კარისა და XXXI თავისგან შედგება.

პროექტით ზუსტდება და კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს.

რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს პარლამენტის წევრის მოწმობისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშები და აღწერილობები.

პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას, საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე გავა პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.

ზუსტდება ბოიკოტის მექანიზმი და პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ.

რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში შესული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, მასზე დაყრდნობით პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.

ცვლილებები ხორციელდება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილშიც. კერძოდ, უქმდება „მინისტრის საათი“. ამის სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა. კერძოდ, პროექტით განისაზღვრა, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება პლენარული სხდომების ყოველ კვირაში.

წარმოდგენილი პროექტი აღარ ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას, რომლის ფუნქციებსაც შეითავსებს დროებითი კომისიის და სამუშაო ჯგუფის ფორმატები. ხოლო დროებით საგამოძიებო კომისიაში კომისიის თანამდებობის პირად, ნაცვლად ამ კომისიის მდივნისა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრება.

„ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში ევროკავშირის ყველა წევრი პარლამენტის რეგლამენტს გავეცანი და უნდა გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ყველაზე უფრო მოცულობითია. მსჯელობა იმაზეც გვქონდა, რამდენად არის ეს კანონისთვის კარგი ან ცუდი. თუმცა, იმას რომ რეგლამენტი დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს პროცედურებს, ის უპირატესობა აქვს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი ორაზროვანი განმარტებები. მაქსიმუმამდეა გაზრდილი პროცედურების სიცხადე როგორც შინაური, ისე უცხო თვალისთვის თუ როგორ მიიღება კანონები და როგორ მიმდინარეობს პროცესები ანი-დან ჰოე-მდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი რეგლამენტის ტექსტის 90% -ზე მეტი შენარჩუნებულია.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განხილულ რეგლამენტის ახალ პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.