საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და თანამშრომელთა ზღვრული ოდენობის შესახებ განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა წარადგინა.
„მიმდინარე წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილება მიენიჭა. ამასთან ერთად, 2026 წლის მაისში დამატებით იქმნება ფინანსური გამჭვირვალობის დეპარტამენტი. შესაბამისად, 2026 წლისთვის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება 459 ერთეულით“, - განაცხადა სოფიო დვალიშვილმა.
მისივე თქმით, 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 27 მილიონ 923 ათასი ლარი იყო, თუმცა აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ბიუჯეტი გაიზარდა და 40 მილიონ 237 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტსა და 2027 წლის ბიუჯეტს შორის ზრდამ 2 მილიონი 456 ათასი ლარი შეადგინა.
„2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ჯამური თანხა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ბიუჯეტს აერთიანებს - 43 მილიონ 811 ათასს ლარს შეადგენს“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ.
სოფიო დვალიშვილმა კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის პროექტის თითოეული მუხლი დეტალურად გააცნო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და თანამშრომელთა ზღვრული ოდენობის შესახებ.