საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს დაგეგმილი იყო 5.2 პროცენტით ეკონომიკური ზრდა, თუმცა წლის განმავლობაში უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები იყო და საბოლოო ჯამში, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.1 პროცენტის დონეზეა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 484.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 16 924.3 მლნ აშშ დოლარი.
მისი თქმით, 2024 წელს, საქართველოს 6 456.1 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 091.7 ათას შეადგენს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 425.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.3 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25 616 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 25 722 782.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 23 260 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 23 290 004.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%.
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 356 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 345 978.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 97.2%.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის განმავლობაში „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება ერთხელ შევიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 900 000.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 25 930 420.7 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 25 946 342.9 ათასი ლარი, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.1%-ია.