Loading data...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს შესახებ საერთაშორისო სივრცეში არსებული საინფორმაციო გარემო. ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა პარტნიორებისთვის სწორი, არგუმენტირებული და გადამოწმებული მონაცემების მიწოდების განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ხშირად ვრცელდება არაზუსტი და დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს მხარის სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს დაეთმო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული დიალოგი საქართველოს სწორ პოზიციონირებას ემსახურება არა მხოლოდ კანადაში, არამედ იმ საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც კანადის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ნინო წილოსანის თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოზიციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის სამომავლოდ ორმხრივი კომუნიკაციის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

„ჩვენ მიერ მიწოდებული მონაცემები და ის არგუმენტები, რომლებიც საქართველოს მხარეს აქვს, პარტნიორებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ამ შეხვედრებმა დაინტერესება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, ველოდებით, რომ თანამშრომლობის პროცესს პოზიტიური გაგრძელება ექნება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატეს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების სწორად წარმოჩენასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.