Loading data...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებს, მათ შორის „შუა დერეფნის“ განვითარებას და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. მხარეები შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც ორი ქვეყნის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, პარლამენტის წევრები - ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა და გიორგი ხახუბია.

შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.