საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები რუმინელ კოლეგებს შეხვდნენ

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და ზურაბ რურუა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას შავი ზღვის, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის საქართველოსა და რუმინეთს წამყვანი როლი აკისრიათ.
ქართველმა და რუმინელმა კანონმდებლებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, ისაუბრეს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
„რუმინელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს და იმ პოლიტიკურ თემებს შეეხო, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულ მხარეს ობიექტური და რეალური ინფორმაცია მიეწოდოს, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში. რუმინელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ადგილზე გასცნობოდნენ მიმდინარე პროცესებს. რაც შეეხება მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს და საქართველო-რუმინეთის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში კონკრეტულ შედეგებში აისახება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას რუმინეთის სენატის წევრი, საქართველო-რუმინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მდივანი კრისტიან-ავგუსტინ ნიკულესკუ-ცაგარლაში ხელმძღვანელობს.