საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა.
აღნიშნული ცვლილებები ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა.
აკრედიტაციის წესის მე-3 მუხლში ცვლილება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების წესს ადგენს.
ცვლილების თანახმად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის ვადები არ გავრცელდება იმ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მისი აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდა და განსაზღვრული ვადით შეეზღუდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება. შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული მედიასაშუალება უფლებამოსილი იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის 1 ნოემბრისა.
ევროპარლამენტში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-11 მუხლს, რომლითაც აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებია განსაზღვრული. კერძოდ, მედიასაშუალების აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლებელია შესაბამის მედიასაშუალებას ვადამდე გაუუქმდეს აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ არა აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ მოხდება ამავე წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევა, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას, აგრეთვე, შეიძლება არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს აკრედიტაციის მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ასევე, აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ცვლილება შევიდა აკრედიტაციის წესის მე-12 მუხლშიც. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდება და შესაბამის მედიასაშუალებას არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება აღნიშნული ჟურნალისტის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი ჟურნალისტების სიაში შეყვანის უფლება. ამასთანავე, იმ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის აკრედიტებული, არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება ამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. აღნიშნული ნორმა აგრეთვე, ევროპარლამენტში მოქმედი რეგულაციების ანალოგიურია.
ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლსაც, რომლითაც აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების წესია განსაზღვრული. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება მისთვის აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმება, რამაც, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მედიასაშუალების აკრედიტაციის მოქმედებაზეც.
ევროპარლამენტის გამოცდილების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებების პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: ჟურნალისტი ვალდებულია სათანადო პატივისცემა გამოიჩინოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირის ღირსებისა და პირადი სივრცის მიმართ, აგრეთვე გაუფრთხილდეს პარლამენტის ქონებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ შეტანილი ცვლილებების მსგავსი წესები მოქმედებს ევროპარლამენტშიც, რომელიც ევროპარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებითაა მიღებული და ევროპის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობებში მედიის წარმომადგენლების მიერ მუშაობის განხორციელების წესებს ადგენს.