Loading data...
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცეს. აღნიშნული ინიციატივით ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის მოწყობის ინიციატორია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

წიგნსაცავს, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი, გადაეცა ისეთი გამოცემები, როგორებიც არის: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-ფრანგული ვერსია, საგამომცემლო მასალები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, ქართული ანბანის ამსახველი გამოცემები და სხვა კულტურულ-ისტორიული წიგნები.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანმა და მარიამ ლაშხმა ბიბლიოთეკის საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვეს.

„კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული შენობა, რომელიც ინახავს უდიდეს საკანონმდებლო და კულტურულ მეხსიერებას. ისტორიულ წიგნსაცავთან ერთად იგი კვლევითი ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ბიბლიოთეკაში შევქმნათ ქართული კუთხე, რაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენს კულტურას. ქართული გამოცემები კანადელ კანონმდებლებსა და მკვლევრებს საქართველოს უნიკალური კულტურის, დამწერლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერის დატოვებით, ჩვენ საქართველოსა და კანადის ურთიერთობებში კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადავშალეთ. კულტურა და ლიტერატურა ის მყარი ხიდია, რომელიც მუდმივად აერთიანებს და კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს სახელმწიფოებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.