საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები გიორგი გაბუნია და სისაკ გაბრიელიანი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, რაც გაფორმებული მემორანდუმის შემდგომ საქართველო-სომხეთის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები და მზაობა გამოვთქვით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა, გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და შემოქმედებითი კავშირების განმტკიცების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.
სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.