საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე, ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.
ცვლილებებით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება. ასევე, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი.
კოდექსში ჩნდება ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა - „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი“, „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი“, „ტუროპერატორი“, „ბილეთების გამყიდველი“, „დანიშნულების პუნქტი“ და სხვა.
სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის.