Loading data...
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

მესამე მოსმენით განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების შედეგად, სხდომაზე მეორე მოსმენით რეგლამენტის პროექტის 149-ე მუხლი წარადგინა, რომელიც ინტერპელაციას შეეხება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არსებული თვეში ერთი ინტერპელაციის ნაცვლად, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყოველ სასესიო კვირაში, ინტერპელაციისთვის ორი დღე იქნება გამოყოფილი - ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ფიქსირებული დროით - 12:00-დან 15:00 საათამდე.

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი იყოს საზედამხედველო წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელ ორგანოს შორის. საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე მოვუსმინოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე დროს, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერპელაციის პროცედურა დეტალურად განმარტა.

რაც შეეხება მესამე მოსმენით განსახილველ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რედაქციული ცვლილებები ეხება 122-ე მუხლის მესამე პუნქტს და 229-ე მუხლის მეექვსე პუნქტს.

„ამ რეგლამენტის შემუშავებაში ბევრი ადამიანის შრომა არის ჩადებული და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ზოგადად, უჩვეულო არ არის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღოს. პარლამენტის რეგლამენტი, თავისი არსით გამორჩეული საკანონმდებლო აქტია, ვინაიდან მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ჩართული არ არის სხვა ინსტიტუციები. პარლამენტი თავად ადგენს საკუთარი მუშაობის წესს და ამაში გამოიხატება საპარლამენტო სუვერენიტეტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ ჩვენი რეგლამენტი და შემდეგი მოწვევის პარლამენტს ექნება შესაძლებლობა ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით კიდევ გარკვეული სიახლეები შემოიტანოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი რეგლამენტი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, იქნება კონსტიტუციასთან სრულად თანხვედრაში მყოფი რეგლამენტი და ამავე დროს, გააქტიურდება კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომელიც საპარლამენტო პრაქტიკაში არ გამოიყენებოდა.

„ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე კონცენტრირებული, რეგულარული კონტაქტი აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის და ვფიქრობ, ამ მხრივ, ახალი რეგლამენტით, საინტერესო პრაქტიკა გველოდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.