Loading data...
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას.

საკითხი განსახილველად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნის რეგულაციას შეეხება.

კერძოდ, მოქმედი კანონიდან ამოღებულ იქნება მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.

„კანონის ეს ჩანაწერი ზღუდავს უწყებაში გამოცდილი და ამავე დროს, ეფექტიანი ხელმძღვანელის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

„კანონპროექტი ემსახურება „საქსტატის“ ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.