„საჰაერო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით მომზადდა და მისი მიღებით უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის უფლება - საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი, აგრეთვე სახელშეკრულებო დეფოლტისას მოითხოვოს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მყისიერი ამოღება, რაც უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას გაზრდის და ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს მკვეთრად შეამცირებს.
კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს საჰაერო კოდექსს“ დაემატება და განიმარტება ტერმინები - „კეიპტაუნის კონვენცია“, „საავიაციო ობიექტი“ და „IDERA“. გარდა ამისა, კოდექსს დაემატება ნორმები, რომლითაც საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციასთან და საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 78 ხმით მიიღო.