Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საერთაშორისო ხელშეკრულებას - „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პარლამენტმა უკვე მოახდინა მსოფლიო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლის ფარგლებშიც გამოიყო 158,4 მილიონი ევრო და გათვალისწინებული იყო ბადიაურიდან ჩალაუბნამდე 17კმ-იანი, ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე 4კმ-იანი და გურჯაანიდან თელავამდე 36 კმ-იანი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

„აღნიშნული გზების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ჯამში შეადგენს 317 მილიონ ევროს. პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხის პირველი ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ბანკმა სესხის სახით გამოყო 158,424,310 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომლის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 10 წელი შეღავათიანია.

პროექტის დასრულების თარიღია 2031 წლის 31 დეკემბერი და მას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.