Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, კერძოდ: თურქეთში, სტამბოლში გამართულ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში; ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში, კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომაში; ალბანეთში, ტირანაში, გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სხდომაში და გენერალური ასამბლეის სხდომაში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ორგანიზებით, ონლაინ ფორმატი გაიმართა.

ირაკლი მეზურნიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას უმასპინძლა, რომელიც კაჭრეთში გაიმართა.

კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სადაც ისაუბრა კულტურული ურთიერთკავშირების, კულტურული დიალოგისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული შეხვედრების გარდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ რიზეს ეკონომიკურ ფორუმში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

წერილ-შეთანხმებებში განსახორციელებელი ცვლილებები კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო.

წერილ-შეთანხმებაში, 2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ შესატანი N2 ცვლილება ითვალისწინებს სასესხო შეთანხმების დანართი 1-ში გარკვეული კორექტირების შეტანასა და პროექტის აღწერილობის დაზუსტებას.

სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11 წელია.

მზია გიორგობიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხევი-უბისის მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. სასესხო შეთანხმება ასევე, გულისხმობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, რომლითაც გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაციის, წლის ბოლომდე დასრულება.

სხდომაზე, წერილ-შეთანხმებაში 2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილება განიხილეს, რომელიც მომხსენებლის განმარტებით, სასესხო შეთანხმების პროექტის აღწერილობით ნაწილში ცვლილების შეტანას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, სესხის პირობები უცვლელია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს 2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ წერილ-შეთანხმებაში N1 ცვლილება. მზია გიორგობიანის ინფორმაციით, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული იყო თელავში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. მისი თქმით, სესხის ფარგლებში, თელავის წყალმომარაგების პროექტი უკვე დასრულებულია.

ცვლილების შეტანით ხდება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის 2 წლით გადაწევა, რომელიც წყალდანაკარგის შემცირების მიზნით, მიმართულია წყალმზომების მრიცხველების დასამონტაჟებლად და ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სერვისცენტრებისთვის მძიმე ტექნიკის შესაძენად.

სხდომაზე ასევე განიხილეს წერილ-შეთანხმებაში „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული იყო ორი კომპონენტი - მოლითი-ჩუმათელეთის და ძირულა-მოლითის მონაკვეთი.

ხელშეკრულების თანახმად, ძირულა-მოლითის მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. რაც შეეხება მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთს, მზია გიორგობიანის განმარტებით, მისი დაფინანსება ამოღებულია სასესხო შეთანხმებიდან და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.